ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დაინერგა ახალი სასწავლო კურსები – „დაჯავშნის გლობალური სადისტრიბუციო სისტემა AMADEUS“ და „საკუთრების მართვის სისტემა OPERA CLOUD“, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიაში მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან ციფრულ პლატფორმებს წარმოადგენს.
აღნიშნული კურსები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან რეგიონის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ანალოგი პრაქტიკულად არ გააჩნია. პროგრამები გამორჩეულია ძლიერი პრაქტიკული კომპონენტით და ორიენტირებულია სტუდენტების თანამედროვე, ბაზარზე მოთხოვნადი ციფრული უნარების განვითარებაზე.
კურსების დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების კონკურენტუნარიანობის ზრდას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე. ამასთან, ინიციატივა ხელს შეუწყობს თავად პროგრამის პოპულარიზაციას და მისი მიმზიდველობის გაზრდას აბიტურიენტებისთვის.
სასწავლო კურსების ავტორია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია. მისი ხელმძღვანელობით შემუშავებულმა კურსებმა უკვე გამოიწვია სტუდენტების დიდი დაინტერესება და აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში.
კურსების მიზნების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლაში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კომპიუტერული ლაბორატორია. ლაბორატორია სრულად აღიჭურვება და სტუდენტებს ექნებათ წვდომა ოფიციალურ, ლიცენზირებულ პროგრამულ პაკეტებზე, რაც მათ საშუალებას მისცემს რეალურ სამუშაო გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში დაეუფლონ AMADEUS-ისა და OPERA CLOUD-ის სისტემებს.